კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან.
მათივე ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ყაზახეთში, აქთაუს მახლობლად, Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავთან დაკავშირებული ტრაგედია დეტალურად განიხილეს.
პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ ავიაკატასტროფა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა. მან სამძიმარი გამოთქვა დაღუპულთა ოჯახების მიმართ, ასევე დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, საუბრისას აღინიშნა, რომ თვითმფრინავი გროზნოში დაშვებას უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევისა და რუსული საჰაერო თავდაცვის ოპერაციების დროს ცდილობდა.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
წინასწარი გამოძიებით დასტურდება, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი. დაიღუპა 38 ადამიანი.