დღეს, 21 იანვარს, ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი, სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი მოსე თოიძე 1871 წლის 21 იანვარს დაიბადა. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (ი. რეპინის რეკომენდაციით, 1896 წლიდან). მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში.
მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად მიიჩნევა. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.
მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: "ვიწრო ქუჩა", "მრეცხავი", "ბაზაზხანა", "მაწვნის გამყიდველი", "მეთევზის დუქანი", "ნავი მტკვარზე", "ძველი თბილისის აშუღი", "თბილისის სახურავები"; ციკლი - თბილისის მთვარიანი ღამეები: "თბილისი, მთვარიანი ღამე", "ქალები ბანზე"; მეორე მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათები: "თბილისი ომის დროს", შექმნა თანამედროვეთა პორტრეტები ("ი. გრიშაშვილი", "მ. ჭიაურელი" და სხვა). თოიძის სახელს ატარებს სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი.
მოსე თოიძე გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თოიძის სახელობის სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა. აგრეთვე შვილის - მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები.