რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დაკმაყოფილდება კიევთან ზავით, რადგან რუსულ მხარეს სჭირდება "სამართლებრივად სავალდებულო გარანტიები".
როგორც ლავროვმა ტელეარხ Russia 1-ის გადაცემაში "60 წუთი" განაცხადა, უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები აქტიურად განიხილავენ ზავის შესაძლებლობას, თუმცა მისი თქმით, ასეთი ქმედებები უკრაინას ძალების აღდგენის საშუალებას მისცემს, რათა "კიდევ ერთხელ შეეცადოს, რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს, თავისი ბატონების მითითებების შესაბასამისად".
"ზავი ჩვენთვის არ გამოდგება. ჩვენ გვჭირდება სანდო იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები, რომლებიც მიმართულია კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ", - განაცხადა ლავროვმა.
მისი თქმით, აუცილებელია, ევროპაში კრიზისის გრძელვადიანი გადაწყვეტისკენ მუშაობა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების სავალდებულო სამართლებრივი მექანიზმებით დადასტურება.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება არ ნიშნავს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების ავტომატურ დაწყებას.
ჩვენ არასდროს გაგვიკეთებია განცხადება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად, მოლაპარაკებების პროცესი გლობალურ უსაფრთხოებასა და უკრაინაზე აუცილებლად დაიწყება", - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, მოსკოვს არ აქვს ილუზია უკრაინის კრიზისის მარტივად გადაწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, ივნისში ვლადიმირ პუტინმა ივნისში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების პირობები გამოკვეთა. მათ შორისაა უკრაინული ჯარების გაყვანა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან, უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სტატუსის დადასტურება და ყირიმის და ოთხი რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში აღიარება.
გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ამ პირობებს ულტიმატუმი უწოდა და მათ განხილვაზე უარი თქვა.