პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თაღლითობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა.
"სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის მოტყუებით მიღების მიზნით, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რომლის მიხედვითაც თითქოსდა ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დაბა ბაკურიანისთვის განკუთვნილი სასმელ-სამეურნეო ჭაბურღილის მშენებლობის პროცესში მისმა კომპანიამ კონკრეტული სამუშაოები შეასრულა. რეალურად კი აღნიშნული სამუშაოები შესრულებული იყო სხვა კომპანიის მიერ სხვა ტენდერის პირობებში.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დიდი ოდენობით 281 209,16 ლარის ზიანი მიადგა." - წერია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, მოსამართლის განჩინების თანახმად, ბრალდებულმა უწყებას საგამოძიებო ორგანოს განჩინებაში მითითებული დოკუმენტაცია არ გადასცა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.