"ქართული პარტია" საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. "ქართულ პარტიაში" აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2011 წლის 18 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში გამოხატული პოზიცია და წინადადებები, რომლებიც უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრების, მათი მოვლა-პატრონობის და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მეჩეთების აღდგენის საკითხებს შეეხება.
"ქართულ პარტიას" მიაჩნია, რომ საფუძვლიანია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში გამოთქმული უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ თურქეთის მხარისთვის წარდგენილი აღსადგენი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები არ შეთანხმდა ამ ტაძრების ისტორიულ მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან.
"მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს საპატრიარქოს როლის იგნორირებით, საქართველოს ხელისუფლება არღვევს საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, კონსტიტუციური შეთანხმების პირველი მუხლის მესამე პუნქტს, აგრეთვე მეშვიდე და მეათე მუხლებს, რომლებითაც აღიარებულია, რომ საქართველოს საპატრიარქო არის მესაკუთრე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ, საპატრიარქოსთან შეთანხმებით", _ აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ქართული პარტია" მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს საქართველოს საპატრიარქოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების იგნორირება და ჩართოს ის ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტაში, რაც კონსტრუქციულს გახდის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს ურთიერთობას.