"ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალ-მაიორი გიორგი ყარყარაშვილი დღეიდან კანონიერი გზით სამართლის საპოვნელად მოძრაობის დაწყებას აპირებს.
იგი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვეტერანთა დარბევით ალალ-მართალი ხალხი შეურაცხყო და მაღალი რანგის ოფიცრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"ამ ადამიანებს სასამართლომ 400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მაშინ, როცა ისინი 22 ლარიან შემწეობას ითხოვდნენ და უსამართლობას აპროტესტებდნენ. დღესდღეობით კანონმორჩილი ადამიანები კანონდამრღვევებად გამოაცხადეს და მათ ერთ ხარკის გადახდა დააკისრეს,"_აღნიშნა ყარყარაშვილმა.
მისი თქმით, ვეტერანებს ეგონათ, რომ სასამართლოში სიმართლეს იპოვიდნენ, თუმცა მოსამართლე უსულო საგანს ჰგავდა.
ყარყარაშვილი სთხოვს სპეციალისტებს, განუმარტონ, რა შეცდომა დაუშვეს ვეტერანებმა. მისი თქმით, თუ მათი დანაშაული დადასტურდება, ვეტერანები საკუთარ ბინებსაც კი შეელევიან და სასჯელის გასაზიარებლადაც მზად იქნებიან.
"ეს სამართალი არ სჭირდებათ ვეტერანებს. სამართალი ქვეყანას სჭირდება. ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, არის თუ არა სამართალი ამ ქვეყანაში და, თუ სამართალს ვერ ვიპოვით, მაშინ აზრი არ აქვს ადვოკატების შეწუხებას,"_აღნიშნა "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელმა.
ამასთან, გიორგი ყარყარაშვილმა ვეტერანთა თანადგომისა და სიმამაცის გამო მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს.
შეგახსენებთ, 2011 წლის 3 იანვარს ქართველმა სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან მიმდინარე ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.