ბელარუსი ნობელიანტი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი საქართველოში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს მიმართავს და მხარდაჭერას უცხადებს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, გაგახსენებთ 2020 წლის ჩვენს საპროტესტო მსვლელობებს. ჩვენი ბელარუსის რევოლუციას. თქვენსავით წყლის ჭავლს გვასხამდნენ, გვესროდნენ შუქ-ბგერით ხელყუმბარებსა და რეზინის ტყვიებს. ათი მეტრიდან ნასროლ რეზინის ტყვიას კი საბრძოლო ტყვიის ძალა აქვს.
მახსოვს, ერთხელ როგორ გავატარეთ მთელი დღე ქუჩაში და საღამოსკენ დაშლა დავიწყეთ, რომ მეორე დღეს ისევ შევკრებილიყავით. მეორე დღეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა, ტანკებით ვიყავით გარშემორტყმული. და გამახსენდა მოხუცი, რომელიც ჩვენი თავისუფლების ბოლო დღეს ტიროდა და ხელებზე გვექაჩებოდა: „არ წახვიდეთ! დღე და ღამე უნდა ვიდგეთ, მხოლოდ ასე გავიმარჯვებთ“.
იდექით დღე და ღამე. ნუ დაიშლებით. თქვენ გაიმარჯვებთ. როცა ერთად ხართ, თავისუფლები ხართ“.
სვეტლანა ალექსიევიჩის მიმართვის ქართულენოვან თარგმანს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ავრცელებს.