საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო არსებითად განსახილველად საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრების სარჩელი 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სასამართლოს ვებგვერდზე.
პლენუმის გადაწყვეტილებაში ნათქვამია:
"არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1848 და №1849 კონსტიტუციური სარჩელები („საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ და საქართველოს პარლამენტის წევრების (თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და სხვები (სულ 30 წევრი)) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ“).
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, – აღნიშნულია პლენუმის გადაწყვეტილებაში.
ამასთან, განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება".
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა – მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა, ირინე იმერლიშვილმა, ხვიჩა კიკილაშვილმა, მანანა კობახიძემ, ვასილ როინიშვილმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი დაწერა მხოლოდ ორმა მოსამართლემ თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.
გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი დაიწერა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი დაიწერა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობას.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 19 ნოემბერს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
პრეზიდენტი მოითხოვდა არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.