"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პოლიციასთან ერთად ხვალიდან დევნილთა მასობრივ გამოსახლებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ახვლედიანმა და ზაზა გაბუნიამ განაცხადეს.
საუბარია თბილისში 22 ჩასახლების ობიექტიდან 1400 მოქალაქის გამოსახლებაზე.
"იმ პირთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც გამოსახლება ემუქრება, გააჩნიათ თბილისში მიწერა, რაც სახელმწიფო სტრატეგიის თანახმად, ხელისუფლებას ავალდებულებს დევნილები საცხოვრებელი ფართით დედაქალაქშივე უზრუნველჰყოს. ამიტომ "ქრისტიან-დემოკრატები" კატეგორიულად ვითხოვთ შეწყდეს დევნილების გამოსახლების პროცესი და ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულებები" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის საკრებულოში დევნილების თემასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდეგ, სამინისტროს წარმომადგენლებმა დადეს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პირობა, რაც ასევე არ შესრულებულა.