საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ანდრია ურუშაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ჩილეში იმყოფებოდა.
ვიზიტის ძირითადი მიზანი ჩილეს ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს რეფორმების გაზიარება იყო. პირველი შეხვედრა ჩილეს ჯანდაცვის მინისტრთან ლუის რომეროსთან გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ჩილეს რეფორმების ანალიზი, საქართველოში არსებული ვითარება და განვითარების პერსპექტივები, მომავალი თანამშრომლობის გეგმები.
დელეგაციის დიდი ინტერესი გამოიწვია სამინისტროს ორგანიზაციულმა სტრუქტურამ, რეგულაციებმა და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებმა.
ჩილეს მოდელი ერთ-ერთ წარმატებულად ითვლება მსოფლიოში, როგორც საპენსიო, ასევე ჯანდაცვის ეფექტური მართვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, სისტემის გამართული მუშაობის გამო ჩილეს მოსახლეობის ჯანმრთელობის ინდიკატორებიც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს მსოფლიოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩილეს ჯანდაცვის საპრეზიდენტო კომიტეტის წევრებთან; სახელმწიფო და კერძო სადაზღვევო ფონდების ხელმძღვანელებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან.
ჩილეს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გამოითქვა სამადლობელი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან და ჩილეს პოლიტიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ასევე ხაზი გაესვა სახელმწიფო დონეზე როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.