ახალგორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მშენებლობის ამ დრომდე არ დაწყებულა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ახალგორის მოსახლეობამ აცნობა.
მათი ინფორმაციით, ახალგორი-ცხინვალის საავტომობილო გზის მშენებლობა ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2008 წელს რაიონის ოკუპაციიდან 6 თვის შემდეგ დაიწყეს, თუმცა გზის მოხრეშვის შემდეგ სამუშაოები შეწყდა.
აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის რუსეთის ფედერაციამ ჯერ კიდევ 2008 წლის თებერვალში სეპარატისტულ რეჟიმს რამდენიმე მილიონი რუბლი გადმოურიცხა, რომელიც ახალგორის რაიონის ე.წ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიითვისა. მოგვიანებით კი რუსული ფულის არამიზნობრივად გამოყენებისთვის რაიონის დე ფაქტო გამგებელი ანატოლი მარგიევი და გამგეობის ათამდე თანამშრომელი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან ახალგორისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის დაჩქარებული ტემპებით მშენებლობის შესახებ განცხადება ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა გააკეთა.
თუმცა, როგორც ახალგორელები ამტკიცებენ, გზის მშენებლობა ამ დრომდე კვალვ არ დაწყებულა და ჯუსოევის განცხადება რუსეთის მიერ თანხების გამოყოფის მიზნით იყო გაკეთებული.
ახალგორის სეპარატისტული რეჟიმი კი, ცხინვალი-ახალგორის საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოსათვის გეგმავს და, როგორც ჯუსოევი ვარადუდობს "მოსალოდნელია, რომ გზა მაღალი ხარისხის იქნება".
"მასზე იქნება სადგომები დიდი ავტომობილებისათვის, გაჩერებები ავტობუსებისათვის, ხმაურის ჩამხშობი ეკრანები, ორი მოედანი ვერტმფრენებისათვის, რომლებიც შესაძლოა საგანგებო სიტუაციაში იქნეს საჭირო", _ აცხადებს ჯუსოევი. ახალი გზის სიგრძე 72-74 კმ. იქნება, მისი სავალი ნაწილის სიფართე კი 7 მეტრი.