„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სემეკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. იგი სადავო საკითხს წყვეტს მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა კომისიის მარეგულირებელი საქმიანობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.
სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, გიორგი დიდებაშვილი აცხადებს, რომ სემეკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მომხმარებელს კომუნალური მომსახურების სერვისებზე წვდომა გაუმარტივოს, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ციფრული და სატელეფონო სერვისები.
„სემეკი მუდმივად მუშაობს, რომ მომხმარებლისთვის მომსახურებები გამარტივდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს. უკანასკნელ პერიოდში ამ კუთხით ჩვენ სხვადასხვა საქმიანობა განვახორციელეთ, მათ შორის, შემოვიღეთ *303#, რომელიც მობილური ტელეფონის საშუალებით მოკლე დროში აწვდის მომხმარებელს კომუნალურების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას. გამარტივებული მომსახურება ასევე გამოიხატება იმაშიც, რომ დამატებით, იუსტიციის სახლშიც შეიძლება ბევრი სერვისის მიღება, მათ შორის, მიწოდების ხელშეკრულების გაფორმება ელექტროენერგეტიკის სექტორში, ასევე ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლად დარეგისტრირება და დავალიანებების გადამოწმება. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დარიცხვის გადამოწმებაც იუსტიციის სახლში. ასევე შეუძლიათ მოითხოვონ მრიცხველების შემოწმება, შეწყვეტილი კომუნალური მომსახურების აღდგენა, აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და ასე შემდეგ.
ამასთან, მომხმარებელთა უფლებების უკეთ დაცვის მიზნით სემეკმა შემოიღო ელექტრონული ჟურნალი. ყველა განაცხადი, რაც კი შედის კომპანიებში, რეალურ დროში ისახება ელექტრონულ ჟურნალში და კომისია ხედავს ამ ყველაფერს, რაც საშულებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ რამდენად ხარისხიანად ხდება მომხმარებლის მომსახურება“.- აცხადებს გიორგი დიდებაშვილი.
გიორგი დიდებაშვილი ასევე ამბობს, რომ მომხმარებლების უფლებების დაცვის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საჩივრების დროული და ობიექტური განხილვა. მისივე თქმით, გასულ წელს განხილვების ფონზე მომხმარებლებს 3.5 მლნ ლარზე მეტი ზედმეტად დარიცხული თანხები ჩამოეწერათ, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში ჩამოწერილი თანხების მაჩვენებელმა 1,5 მლნ ლარს გადააჭარბა.