თურქეთში არსებული ქართული ტაძრებისა და საქართველოში არსებული მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.
"როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ. ამდენად, თურქეთის მხარისთვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან - საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია", - აღნიშნულიაა განცხადებაში.
მათი განცხადებით, ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი - იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო.
"მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა. რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით", _ აცხადებენ საპტრიარქოში და დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით, ოე პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას:
"1. თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლად გახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით? 2. როგორც თურქული მხარისთვისაა მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა".
აქედან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.
"დაბოლოს, თავიდანვე უნდა განისაზღვროს ისიც, ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები. ვიმედოვნებთ, ჩვენ მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენ შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის", - აღნიშნულია განცხადებაში.