საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქართველი სოპრანო ლამარა ჭყონია ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის განცხადებით, ლამარა ჭყონია არის არა მხოლოდ ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, არამედ, საქართველოს დიდი პატრიოტი.
"ჩემთვის დიდი პატივია, გადმოგცეთ ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი _ ბრწყინვალების ორდენი. ქალბატონი ლამარა არის არა მხოლოდ ბრწყინვალე სოპრანო, ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, რომელიც ჰყოლია საქართველოს, არამედ, არის დიდი პატრიოტი. სადაც არ უნდა ყოფილიყო, მისი კავშირი სამშობლოსთან წუთით არ გაწყვეტილა - სულიერი, კულტურული, ადამიანური და სახელმწიფოებრივი. ეს არის ნიმუში ჩვენთვის, რას ნიშნავს პატრიოტიზმი. მინდა საქართველოს ასეთი პატრიოტები გაუმრავლდეს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მთავარი რესურსი ისაა, რომ ყოველი მოქალაქე განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს.
"ჩვენ დანარჩენ მსოფლიოზე შთაბეჭდილების მოხდენა არ შეგვიძლია არც ზომით, არც მოსახლეობის რაოდენობით, არც ბუნებრივი რესურსებით. ჩვენი მთავარი რესურსი არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს გამორჩეული. ეს არის ერისა და სახელმწიფოს განსაკუთრებულობის გარანტია. ასეთი ერები თითზე ჩამოსათვლელი არისნ მსოფლიოში. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ საქართველო მათ რიცხვს მიეკუთვნება", _ განაცხადა სააკაშვილმა.