ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
წერილში ხაზგასმულია, რომ ხელმომწერები "მტკიცედ დგანან ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის მხარდამხარ" და ღრმა მწუხარებით აღნიშნავენ, "საქართველოს ბოლო დროინდელ დემოკრატიულ რეგრესს, მათ შორის, ანტიევროპული კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ზღუდავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებს".
ისინი არჩევნების დროს გამოვლენილი სისტემური დარღვევების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ შორის უზრუნველყოს ხმის მიცემის ოქმების საჯაროობა და გამჭვირვალობა. ისინი ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ უზრუნველყოს:
ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულაციებზე (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩევლის დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული.
ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია გადახედოს და გამოიძიოს ეს არჩევნები და ყველა გადმოცემული დარღვევა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
გახადოს საჯარო და გამჭვირვალე ხმის მიცემის ოქმები, რათა ყველა ამომრჩეველმა შეძლოს საკუთარი ხმის მიცემის დროის, ადგილის და ფაქტობრივი მისამართის გადამოწმება.
გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად უფლებებს და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული
გარდა ამისა, წერილზე ხელმომწერები მოუწოდებენ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ.
"ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში.
ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, გაყინოს ყველა თანხა, რომელიც იხარჯება საქართველოს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებთან დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტებში, გარდა იმ თანხებისა, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების დამკვიდრებაზე. ამავე დროს, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.
ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. მოვუწოდებთ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადაიხედოს საქართველოსთვის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი და არ გამორიცხოს მისი სრული შეჩერების შესაძლებლობა, თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები არ შესრულდება.". - წერია განცხადებაში.