ჩვენი ემიგრანტებისთვის ხმის უფლების საყოველთაობის კონსტიტუციური პრინციპისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა არის „ქართული ოცნების“ მორიგი აბსურდული, ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ინიციატივა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
"ოცნება“ აღიარებს, რომ ეშინია არჩევნების და მისი 60%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ სიცრუე და მითია. ამ ინიციატივით, „ოცნება“ ცდილობს საქართველოს იზოლირებას უკვე არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, არამედ ცდილობს საქართველოს იზოლირებას საკუთარი მოქალაქეებისგანაც. „ოცნება“ აღიარებს, რომ სურს ხმის უფლება შეუზღუდოს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის ქვეშ არ არის და ეს დაუმალავად გაამხილა. „ოცნება“ ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის – ემიგრანტებისთვის საკუთარი ხმის რეალიზაციის მასობრივად შეზღუდვის დაკანონებას ცდილობს.
საკუთარი მოქალაქეებისგან გაქცევის მცდელობა, საკუთარი მოქალაქეებისგან ქვეყნის იზოლირება და ხალხის ნების შიში – ეს არის დღეს „ოცნების“ რეალობა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებას ართმევს მოქალაქეების იმ სეგმენტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმიშვნელოვანეს წილს ქმნის. ემიგრანტების გზავნილების მოცულობა 2024 წელს თითქმის 10 მილიარდი ლარი იყო. ეს თანხა მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტის 40%-ის და ქვეყნის მთლიანი, ნაერთი ბიუჯეტის თითქმის 30%-ის ტოლია. დღეს „ოცნებამ“ აღიარა, რომ ემიგრანტები მისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან „ოცნების“ პროპაგანდა მათზე ვერ ვრცელდება და არანაირი ბერკეტი ამ ადამიანებზე ზემოქმედების არ არსებობს – არც დაშინება, არც მოსყიდვა და არც პროპაგანდა, შესაბამისად, ერთადერთი გზა რჩებათ, ამ ადამიანებს შეუქმნან ბარიერები არჩევნებში მონაწილეობისთვის.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მწვავე წინააღმდეგობას გაუწევს „ოცნების“ ამ ანტიკონსტიტუციურ ინიციატივას, ყველა პოლიტიკურ ბერკეტს და ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომ ეს მავნებლობა არ დაკანონდეს და ჩვენს ემიგრანტებს არ შეეზღუდოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.