„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელსაც თუნდაც ფორმალურად მაინც ევალება კორუფციასთან ბრძოლა.
ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფცია არის ის, რასაც ეყრდნობა „ქართული ოცნება“.
ლევან ბეჟაშვილმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„რაჟდენ კუპრაშვილი მოიაზრებოდა ღარიბაშვილის კადრად. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ კლანებს შორის ბრძოლა უკვე კანონის სახით გადაწყვიტოს და გააუქმოს ეს სამსახური. ასევე, გაუმართლებელია ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ აუდიტის სამსახურის ფუნქციები კონსტიტუციურად აბსოლუტურად სხვა არის და საერთაშორისო სტანდარტებით მართებულია, რომ ანტიკორუფციული სამსახური თავისი საგამოძიებო და სამოსამართლეო ფუნქციებით დამოუკიდებელი სტატუსის სახით არსებობდეს. ერთი სიტყვით, ეს გადაწყვეტილება ეხება არა კორუფციას, კორუფციის სფეროში რეფორმების გატარებას, არამედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება იყოს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.