ბორჯომ-ბაკურიანის პარკთან გაჩენილ ხანძარს ცირკ "შაპიტოს" ცხოველები ემსხვერპლნენ. ცირკ "შაპიტოს" ყველა ცხოველი დაიწვა,_ექვსი ძაღლი, ორი მაიმუნი, ერთი იგუანა (ხვლიკის სახეობა). ხანძარი ტყე-პარკს არ გადასდებია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ბორჯომ-ბაკურიანის გამგებელმა არჩილ მიქელაძემ აღნიშნა, ხანძარი შუაღამისას გაჩნდა, თუმცა სამაშველო სამსახურს ცირკის მსახიობები მოგვიანებით დაუკავშირდნენ.
"ჯი-ეიჩ-ენი" დაბა ბაკურიანის მაჟორიტარ დეპუტატს, ბორჯომის საკრებულოს წევრ ლევან შავკანსაც დაუკავშირდა. მისი თქმით, ხანძარი ღამის ორ საათზე გაჩნდა, თუმცა სამაშველო სამსახურში შეტყობინება 04.40 საათზე შევიდა. მეხანძრეებს ცხოველები უკვე დამწვარი დახვდათ.
ხანძარი მანქანის მისაბმელს გაუჩნდა, შემდეგ ე.წ. "პალატკას" გადაედო. არსებული ინფორმაციით, ცირკის მსახიობებს დენის გამათბობელი ჰქონდათ ჩართული, ცხოველების სიახლოვეს. ამდენად, არაა გამორიცხული, ხანძარი ამასაც გამოეწვია.
ხანძრის შედეგად ცირკის მსახიობები არ დაშავებულან.
შეგახსენებთ, ცირკი "შაპიტო" ქართველებისგან შემდგარი დასია, სადაც ერთი მსახიობი იაპონელი გოგონაა.