ნიუ-იორკსა და ლონდონში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს დიასპორის საკითხებში სპეციალური წარმომადგელი ჰყავს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ამ პოსტზე ამერიკაში პაატა აბჟანდაძე, დიდ ბრიტანეთში კი მაკო აბაშიძე დაინიშნა.
უახლოეს მომავალში მსგავსი წარმომადგენლების დანიშვნა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იგეგმება. მათ უცხო ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ერთგვარი მედიატორის როლი დაეკისრებათ. ასევე, ადგილზე განახორციელებენ სხვადასხვა სახის კულტურულ და სოციალურ პროექტებს.
იმ ქვეყნების ზუსტი რაოდენობა, სადაც სამინისტროს წარმომადგენლები იმუშავებენ, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა (მირზა) დავითიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ადგილზე ცხოვრობენ და მათ მოვალეობაში შედის დიასპორასა და ჩვენს შორის ურთიერთობის გაღრმავება.
"მათ ადგილზე უნდა წარადგინონ ჩვენი პროექტები, ხელი შეუწყონ ადგილობრივ დიასპორულ აქტივობებს, საკვირაო სკოლებს, იქაური სამრევლოების ჩამოყალიბებას, ფოლკლორული ანსამბლების განვითარებას", _ აღნიშნა მინისტრმა.