უბედური შემთხვევა ვაზისუბანში. ბუნებრივი აირის არასწორი წვის გამო დოიანების ოჯახში ხუთი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის, 7 თვის ბავშვი. ყველა მათგანი ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს უგონო მდგომარეობაში დახვდა. სამ ადამიანს_ახალგაზრდა ცოლს, ქმარსა და 7 თვის ბავშვს მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. ხოლო ოჯახის უფროსი ცოლ-ქმარი მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარი არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. ექიმები ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ მძიმეა ხანდაზმული ცოლ-ქმრის მდგომარეობა.
მომხდარის თვითმხილველთა თქმით, კარები ჩაკეტილი იყო, ამიტომ სამაშველო ჯგუფმა გახსნა კარი.
მკურნალი ექიმის განმარტებით, ესაა ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია. საავადმოყოფოში შემოყვანისას ავადმყოფთა მდგომარეობა უმძიმესი იყო, ამჟამად ქალბატონის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, მამაკაცი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.