საკრებულოს წევრის, "რესპუბლიკელი" თინათინ ხიდაშელის ბრალდებას მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ხიდაშელის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.
"სახელმწიფო საბავშვო ბაღებში გადასახადი არ დაწესდება, ბაღებს არავინ აძვირებს. პირიქით, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის ეს ბაღები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება", _ აღნიშნა ქაცარავამ.
ქაცარავა აცხადებს, რომ 24 იანვრიდან ბაღებში ბავშვების მიღების პროცესი განახლდება.
ქაცარავა სოციალურად დაუცველი რამდენიმე ათასი ბავშვის პრობლემასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გადავსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გამო სოციალურად დაუცველი ბავშვები ბაღებში ვერ დადიოდნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ სახელმწიფო ბაღების გარემონტების გამო მშობლებმა კერძო ბაღებიდან სახელმწიფო ბაღებში გადაიყვანეს შვილები.
ქაცარავას განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების მიღება ამიერიდან სირთულეს არ წარმოადგენს. შესაძლოა, ამ მიზნით, დედაქალაქს რამდენიმე ბაღიც შეემატოს.
შეგახსენებთ: დღეს საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა სახელმწიფო ბაღებში ყოველთვიურად 30-50-80 ლარის ოდენობით გადასახადის დაწესებას აპირებს.