მითხრეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ, შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი,- ამის შესახებ Atlantic Council-ის მკვლევარის ეთო ბუზიაშვილი ფინანსური პოლიციის მიერ მისი სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებით აცხადებს.
"დაახლოებით დილის 8 საათზე მოვიდნენ, არ მითხრეს, რომ ფინანსური პოლიციიდან იყვნენ, მითხრეს, რომ გაზის შემოწმების სამსახურიდან იყვნენ და რაღაცის გაჟონვა იყო პრობლემა, შემოვარდა დაახლოებით 6 ადამიანი, დაიწყეს პირდაპირ ჩხრეკა, ჩამომართვეს ტელეფონი, არ მომცეს ადვოკატთან დარეკვის საშუალება. აინტერესებდათ კონკრეტულად დოკუმენტაცია და ტექნიკა, ეს იყო მათი მოტივი და დაიწყეს ჩხრეკა, დაახლოებით ორი საათი მიმდინარეობდა, დანარჩენი ორი საათი ოქმი დგებოდა, ვიყავი გამოკეტილი სახლში.
გამოკითხვაზე დამიბარეს. ერთადერთი მითხრეს, რომ აინტერესებთ ჩემი ორგანიზაცია, რომელიც არის ატლანტიკური საბჭო, ჩვენ დეტალურად ვიკვლევთ რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს" - აღნიშნავს ბუზიაშვილი ფორმულასთან საუბარში.
ლეპტოპები და პირადი ტელეფონი წაიღეს Atlantic Council-ის კიდევ ერთი თანამშრომლის, სოფო გელავას სახლიდანაც.
გელვას მეუღლე პარტია "ფედერალისტების" წევრი, გიორგი ნონიაშვილი ამბობს: "ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა-ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი - Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა".