თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი თინათინ ხიდაშელი საჯარო საბავშვო ბაღებში გადასახადის მოსალოდნელ შემოღებას აპროტესტებს და სახელმწიფოს მიერ ბაღებისთვის დაწესებული დაფინანსების შენარჩუნებას მოითხოვს.
როგორც თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2011 წლის თბილისის ბიუჯეტი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის 15 მილიონითაა შემცირებული.
ამასთან, რესპუბლიკელები საკრებულოში ოფიციალური წინადადებით შევლენ, რათა საკრებულომ იანვრის სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება და, ბაღებისთვის აუცილებელი დაფინანსების გაზრდის მიზნითAმერიას ბიუჯეტში ცვლილებების ინიციატივით შესვლა დაავალოს.
"2010 წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მამუკა ახვლედიანისა და სხდომაზე დამსწრე თბილისის მთავრობის წარმომადგენლებისგან მოვითხოვე ბაღებში გადასახადების შემოღების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალური და საჯარო უარყოფა. პასუხი იყო დუმილი. რაც ღია დასტური იყო დაგეგმილი საგადასახადო გეგმის,"_აცხადებს ხიდაშელი.
მისი ინფორმაციით, ბევრ საბავშვო ბაღში მშობლები გადასახადების შემოღების შესახებ უკვე გააფრთხილეს. ამის მიზეზად საბავშვო ბაღების დირექტორები და პედაგოგები შემცირებულ ბიუჯეტს ასახელებენ.
თინა ხიდაშელის ცნობით, სახელმწიფო ბაღებში სამი კატეგორის გადასახადის დაწესება ბაღის კეთილმოწყობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. კერძოდ, თანხა განისაზღვრება თვეში 30, 50 და 80 ლარის ოდენობით.
ცნობისთვის, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის დაფინანსება გასულ წელს 39 მილიონი იყო, მიმდინარე წელს კი 24 მილიონია.