მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის. მან ჩვენი სამშობლო, რომელიც იყო კრიმინალით მოცული, კორუფციული და ჩაბნელებული 90-იანი წლების საქართველო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.
„მიშა სააკაშვილს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სათქმელი და გასაკეთებელი საქართველოსთვის, ქართული პოლიტიკისთვის, რომელთან დაკავშირებითაც მე დარწმუნებული ვარ თვითონაც დაწერს მოგონებებში, მაგრამ ასევე საქართველოს ისტორიაში დაიწერება და თაობები ისწავლიან იმ ცვლილებების, რეფორმების და იმ იდეების შესახებ, რომელიც მიშა სააკაშვილმა 90-იანი წლებიდან მოყოლებული მოუტანა საქართველოს და ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო, რომელიც იყო კრიმინალით მოცული, კორუფციული და ჩაბნელებული 90-იანი წლების საქართველო აქცია ევროპულ სახელმწიფოდ. დარწმუნებული ვარ ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი დაიწერება, ბევრი ითქმება და ისტორიის სახელმძღვანელოშიც შევა.
ძალიან ბევრი ადამიანი დღეს საუბრობს და მართლაც ძალიან ისტორიული არჩევნებია საქართველოს სამომავლო გეზთან, ჩვენს საგარეო კურსთან მიმართებაში და თუ ვინმემ საქართველო ევროპისკენ შემოაბრუნა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ის არც ხელისუფლებაში იყო, არც მთავრობაში, მაგრამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო გაწევრიანებულიყო ეუთოში, შემდეგ ხალხს შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ 1995-1999 წლებში მიშა სააკაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი საპარლამენტო ასამბლეაში სტრასბურგში და სწორედ იმ პერიოდში გახდა საქართველო ევროსაბჭოს წევრი და შემდეგ უკვე 2003-2004 წლიდან მოყოლებული, როგორც პრეზიდენტმა მართლა შემოაბრუნა ქვეყანა, აწია ევროპის დროშა პირდაპირი და ირიბი გაგებით, და საქართველო დაადგა ევროპისკენ გზას, რაც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში დამუხრუჭდა, შეფერხდა, რადგან ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ მივიღეთ და რომელიც უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას სულ რაღაც ორ კვირაში.“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.