სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 2025 წლიდან სომხური ძალები რუსულთან ერთად შეუერთდებიან ირანთან და თურქეთთან მდებარესახელმწიფო საზღვრის დაცვას. ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსპიკერმა ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა.
ბაღდასარიანის თქმით, სომხური მხარე „დადებითად აფასებს“ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შედეგებს, რომელზეც მათ მიაღწიეს „კონკრეტულ შეთანხმებებს ენერგეტიკის, განათლების და ჰუმანიტარულ სფეროებთან დაკავშირებით“.
ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარები ასევე მონაწილეობას მიიღებენ სომხეთ-ირანის და სომხეთ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრების დაცვის პროცესში“, - აღნიშნა ფაშინიანის პრესსპიკერმა.
მან განმარტა, რომ სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტზე მომსახურებას მთლიანად სომხეთის სასაზღვრო ჯარების ძალები განახორციელებენ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარები ამ დრომდე უზრუნველყოფდნენ სომხეთ-თურქეთის საზღვრის მთელი 333 კილომეტრის უსაფრთხოებას მოსკოვისა და ერევნის 1992 წლის შეთანხმების შესაბამისად.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახური სომხეთ-ირანის 44 კილომეტრიან საზღვარს სომეხ მესაზღვრეებთან ერთად იცავდა.