"იოცნებოს" - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" სახელით, პრეზიდენტის წინააღმდეგ ხელახალი იმპიჩმენტის დაწყების შესახებ განაცხადა.
ბესელიას თქმით, როდესაც პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული გზის გადარჩენისთვის უმაღლესი დონის შეხვედრებს იწყებს , ზუსტად მაშინ ხდება მის წინააღმდეგ შეტევა.
„პირველ რიგში ვუპასუხებ ასე შალვა პაპუაშვილს, იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საკონსტიტუციო სასამართლო სად არის? არის საერთოდ? არვიცი. მას ჯერ ის გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით უნდა მიეღო. როდესაც პრეზიდენტი იწყებს ქვეყნის ევროპული გზის გადარჩენისთვის უმაღლესი დონის შეხვედრებს, ზუსტად მაშინ ხდება მის წინააღმდეგ შეტევა. შეტევა მიმართულია არა უშუალოდ პრეზიდენტის წინააღმდეგ მხოლოდ, არამედ საქართველოს ევროპული არჩევანის წინააღმდეგ. მათ არც კი ესმით, რას ნიშნავს კონსტიტუციური პროცესი და პოლიტიკური შეთანხმების პროცესი. ეს ორი სხვადასხვა რამეა და მინდა მარტივი განმარტება გავუკეთო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური შეთანხმება ხდება ქართული ქარტიით. ეს არ არის კონსტიტუციური პროცესი, რომელიც დაიწყება პარლამენტში უკვე პოლიტიკური პროცესის გასაფორმებლად ამიტომ კონსტიტუციური ნორმის რაიმე დარღვევაზე საუბარი ძალიან არასერიოზულია", - განაცხადა ბესელიამ "პირველებთან".