შენი ტოლა ახალგაზრდების მიმართ ძალადობას რომ არ დაგმობ ,მოძალადეების გვერდით დადგები და შემდეგ სამშობლოს სიყვარულს და სამართლიანობას დაუწუნებ სხვას - არ ხარ სამაგალითო და დამაჯერებელი! - ამის შესახებ პოლიტიკოსი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
„ღირსება არც ტიტულში, არც სტატუსში, მით უფრო კუნთებსა და ფიზიკურ ძალაში რომ არ გამოიხატება და ქმედებაში ვლინდება - ამიტომაცაა იშვიათი , მაგრამ ყველაზე ხელშეუხებელი!
მადლობა უფალს ისტორიამ ბევრი ასეთი მაგალითი შემოუნახა ჩვენს ქვეყანას !
გიორგი ანწუხელიძეს რომ ახსენებ და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პარტიას ტაშს დაუკრავ არ თავსდება ეს ერთმანეთთან!
შენი ტოლა ახალგაზრდების მიმართ ძალადობას რომ არ დაგმობ , მოძალადეების გვერდით დადგები და შემდეგ სამშობლოს სიყვარულს და სამართლიანობას დაუწუნებ სხვას - არ ხარ სამაგალითო და დამაჯერებელი!
ყველაფერი რაც ბრწყინავს არაა ძვირფასი და ღირსება მხოლოდ შენი ქმედებით ფასდება რამდენი ჯილდოც არ უნდა მიიღო….
გამგები გაიგებს !“, - წერს ბესელია.
გუშინ, 13 სექტემბერს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მე სრულიად ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემ სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი”.
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ კი აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" პოზიციას იზიარებს.