ქართველ პარამძლეოსანს გიგა ოჩხიკიძეს, რომელმაც პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ოქროს მედალი დაუბრუნეს.
მანამდე საქართველოს დელეგაციამ გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ოჩხიკიძეს მოგებული ოქროს მედალი ჩამოართვეს. როგორც აღმოჩნდა, პროტესტმა გაამართლა და გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია.
შეგახსენებთ, გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, მეორე ადგილზე გასულმა მაროკოს დელეგაციამ და ასევე პოლონეთმა გააპროტესტეს ოჩხიკიძის შედეგები, რასაც მსაჯები დაეთანხმნენ და ქართველ პარამძლეოსანს ოქროს მედალი ჩამოართვეს.
გიგა ოჩხიკიძის მოპოვებული ჯილდო საქართველოსთვის პარალიმპიური თამაშების ისტორიაში მეექვსე მედალია. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ამასთანავე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე.