ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის კონკრეტული პროექტი ამ ეტაპზე არ არსებობს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ქართულ მხარეს სურს, ტაძრის აღდგენითი სამუშაოები "იუნესკოს" ყველაზე სერიოზულ რესტავრატორს ანდრეა ბრუნოს მიანდოს. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"უკვე მივწერეთ "იუნესკოს" შესაბამის წერილი, სადაც გამოვთქვით სურვილი, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის საკითხებით სწორედ ანდრეა ბრუნო იყოს დაკავებული. ვფიქრობთ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების რესტავრაციას აკეთებს. მის სახელს უკავშირდება პარიზის კონსევატორიის აღდგენითი სამაუშაოების ჩატარება", - განმარტა კულტურის მინისტრმა.
მისივე თქმით, ანდერა ბრუნო ქართული მხარის წინადადებით დაინტერესებულია.
"იგი ქუთაისში თავად იმყოფებოდა და ყველაფერს ადგილზე გაეცნო",-აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, ტაძრის შუშით გადახურვა იგეგმება. აღნიშნული ნიკა რურუამ არ დაადასტურა.