“ლივერპულმა” და “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.
ქართველი მეკარე მიმდინარე სეზონს “ვალენსიაში” დაასრულებს, ინგლისში კი, 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება. გიორგიმ “ვალენსიას” გულშემატკივრებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართა.
"ვალენსიაზე და ამ კლუბზე საუბარს მადლიერების გამოხატვის გარეშე ვერ დავიწყებ. მინდა მადლობა გითხრათ, სამი წლის განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის, რომელსაც კლუბში მოსვლის პირველი დღიდან, ყველა ეტაპზე ვგრძნობ.
სიტყვები არ არის საკმარისი გამოვხატო მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც ვალენსიამ, ამ დიდმა საფეხბურთო ოჯახმა მომცა. ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავრჩე კიდევ ერთი წელი ვალენსიაში და დავეხმარო გუნდს თავისი მიზნის მიღწევაში.
ყველამ ვიცით,როგორი რთული წელი გველოდება და როგორი გარდამტეხია ეს პერიოდი თავად კლუბისთვისაც. ამიტომ, როგორც არასდროს, ისე უნდა დავდგეთ ერთად და ვიბრძოლოთ ბოლომდე", - დაწერა გიორგიმ.