თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა დევნილებმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიიღეს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მათ მინისტრმა კობა სუბელიანმა რაიონის გამგებელთან - რამაზ სულამანიძესთან ერთად გადასცა.
აღნიშნულ მისამართზე, 4 ობიექტში (პედაგოგიური უნივერსიტეტის ყოფილი 3 კარპუსი და „მიონის" ყოფილი საბავშვო ბაღი) აფხაზეთიდან დევნილი 109 ოჯახი ცხოვრობს. მათ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მიირეს. დევნილებმა ფართის დაკანონების თხოვნით სამინისტროს მიმართეს. შესაბამისი პროცედურების დაცვით, გაკეთდა აზომვითი ნახაზები და დაიწყო ფართის საკუთრებაში გადაცემის პროცესი. დღეიდან ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებენ. აღნიშნულ ობიექტებში გაკეთებულია ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც.
დევნილების თქმით, ასეთი კარგი ახალი წელი არც ჰქონიათ. „17 წელია აქ ვცხოვრობთ და ასეთი კარგი ახალი წელი არ გვქონია. მინისტრი მობრძანდა დაპირებისამებს ჩვენი ბინები საკუთრებაში გადმოგვცა. საკუთრების მოწმობა თავად მოგვიტანა. ნამდვილად გვჯერა, რომ ეს ბინები ჩვენია, დღეიდან საკუთარი ჭერი გვაქვს. მინისტრი რამდენიმე თვის წინაც შეგვხვდა და გვითხრა ყველა პროცედურებს გაივლით და ეს ბინები თქვენი იქნებაო. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ კეთილ საქმეში წვლილი მიუძღვის. ბელიაშვილის ქუჩაზე ძალიან კარგი ახალი წელი თენდება, რადგანაც ამხელა უბანში ყველა ბინა დაკანონდა. ყველა დევნილმა გაიხარა, ვინც შიშის ქვეშ იყო" - აღნიშნა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა სურამელმა.
უკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის თქმით, თბილისში 10 000 დევნილი ოჯახი საკუთრების მფლობელია: „დიღმის მასივში 109 დევნილ ოჯახს ძველით ახალი წლისთვის საჯარო რეესტრიდან ამოამონაწერები დავურიგეთ. ისინი უკვე თბილისელები არიან. 17 წელია აქ ცხოვრობენ და საკუთრება პრეზიდენტის განსკარგულების საფუძველზე მიიღეს. ყველად ვულოცავ ახალ წელს. თბილისში 10 000 დევნილი ოჯახი (40 000-მდე ადამიანი) ოჯახი უკვე საკუთრების მფლობელია. ისინი აფხაზეთში დაბრუნებამდე თბილისში იცხოვრებენ და როცა დაბრუნდებიან, შეუძლიათ ეს ქონება გამოიყენონ - გაყიდიან და ხელცარიელები არ დაბრუნდებიან."
ამ ეტაპისთვის, საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 22 000-მდე დევნილ ოჯახს (70 000-მდე ადამიანი) დაუკანონდა. თბილისში დაკანონებულია 177 საცხოვრებელი ობიექტი, რეგიონებში კი 343. რეგიონებში დევნილეთა განსახლების პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება.