"მრავალეროვანი საქართველო" კულტურის, ძეგლთა დაცვისა დასპორტის სამინისტროს ისტორიულ ძეგლთა მდგომარეობის მიმართ მიზანმიმართული უყურადღებო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
როგორც კულტურის სამინისტროს მიმართ "მრავალეროვანი საქართველოს" ღია წერილშია აღნიშნული, საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ" მიმდინარე წლის 19 ნოემბერს აბო თბილელის ქუჩაზე მდებარე მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნიკოლოზ რურუას.
"მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენელთა განცხადებით, მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ მოღნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რამოდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება და შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება, თუმცა სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის სამინსისტროს მიერ არ იქნა მიღებული ქმედითი ზომები ეკლესიის რესტავრაციისა და მისი ფიზიკური მდგრადობის შესანარჩუნებლად.
"მრავალეროვანი საქართველო" მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ან საკითხისადმი უდიერ დამოკიდებულებას, ან სხვა რელიგიურ კონფესიას მიკუთვნებულ ისტორიულ ძეგლთა მდგომარეობის მიმართ მიზანმიმართული უყურადღებო დამოკიდებულების უკვე კარგად დამკვიდრებულ პრაქტიკას, რის ნათელ დასტურსაც წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დღესაც მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრებით მართლმადიდებლური ტაძრების რეკონსტრუქციისა და გამაგრების სამუშაოები, მაშინ როდესაც განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს მიკუთვნებული ძეგლების მოვლასა და დაცვაზე მცირეოდენი სახელმწიფო სახსრები იხარჯება", _ ნათქვამია ორგანიზაციის ღია წერილში.
ორგანიზაცია თხოვნით მიმართავს სამინისტროს, იმისათვის, რომ განმარტოს თუ რატომ არ იქნა დროულად შესწავლილი ზემოაღნიშნული ისტორიული ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ძეგლი სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფება და შესაბამისად უნდა სარგებლობდეს სამინისტროს მფარველობით.