მაიმუნის ყვავილის (mpox) გავრცელება ევროპის ქვეყნებს არ უქმნის იმავე საფრთხეს, როგორც ეს კორონავირუსის დროს იყო, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.
მისი თქმით, "მაიმუნის ყვავილი არ არის ახალი კოვიდი" და "მისი კონტროლი შესაძლებელია".
როგორც კლუგემ თქვა, ყოველთვიურად ევროპის რეგიონში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამის (კლად 1ბ) 100-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
"ჩვენ ვიცით, როგორ ვაკონტროლოთ მაიმუნის ყვავილი ევროპის რეგიონში და ასევე გვაქვს მოსაზრებები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, - თქვა მან ბრიფინგზე.
"ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ "მაიმუნის ყვავილის" გავრცელება აირწვეთოვანი გზით ხდებოდეს, რაც მას "კოვიდისგან" განასხვავებს", - დასძინა მან.
კლუგემ განმარტა, რომ 2022 წლიდან ევროპის ქვეყნებმა ისწავლეს დაავადებებთან საბრძოლველად საჭირო ზომების გამოყენება, თუმცა დასძინა, რომ არ არის საკმარისი რესურსი საფრთხის სრულად აღმოსაფხვრელად.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში ვირუს "მაიმუნის ყვავილის" (mpox) მორიგ აფეთქებასთან დაკავშირებით კვლავ გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა.