ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში ვირუს „მაიმუნის ყვავილის“ (mpox) მორიგ აფეთქებასთან დაკავშირებით კვლავ გამოაცხადა გლობალური საგანგებო მდგომარეობა.
"საგანგებო ვითარებათა კომიტეტი მიიჩნევს, რომ mpox-ის გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისთვის შემაშფოთებელია", - თქვა WHO-ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა ოთხშაბათს, 14 აგვისტოს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე, კერძოდ, ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში, სადაც mpox-ის გავრცელება უწინ არ შეინიშნებოდა, დაფიქსირდა ვირუსის ახალი შტამით, 1b ვარიანტით ინფიცირების 90 შემთხვევა, რაც დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და იწვევს სიკვდილს, ვიდრე ვირუსის წინა შტამის შემთხვევაში.
ამასთან, ახალი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უკვე 14 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 524 გარდაიცვალა.
წელს აფრიკის 13 ქვეყანაში დაავადებით ინფიცირების 17 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 160%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემთხვევების 90%-ზე მეტი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია.
ვირუსი ადამიანებს შორის ვრცელდება ახლო კონტაქტის, განსაკუთრებით სექსუალური კავშირის შედეგად. დაავადების ძირითადი სიმპტომებია მაღალი ცხელება, გამონაყარი, ლიმფური კვანძების ანთება, კუნთების ტკივილი და სისუსტე. ავადობა როგორც წესი, 12-დან 21 დღემდე გრძელდება. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება სიკვდილიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა 2022 წელსაც გამოაცხადა. იმ დროისთვის, გავრცელებული იყო ვირუსის 2b შტამი. გლობალური მასშტაბით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 16 ათასს გადააჭარბა და დაფიქსირდა 75 ქვეყანაში, უმეტესობა ამერიკასა და ევროპაში, ძირითადად გეი მამაკაცებში. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში გაუქმდა.
2022 წლის ნოემბერში ჯანმო-მ ვირუსის სახელი monkeypox-ი შეცვალა mpox-ით რასისტული და სტიგმატიზებული დამოკიდებულებების გამო, რომელიც ძველი სახელწოდების ირგვლივ შეიქმნა.