უკრაინელი სამხედროების შეტევამ კურსკის ოლქში ნამდვილი დილემა შექმნა ვლადიმირ პუტინისთვის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა და დასძინა, რომ ამერიკის ოფიციალური პირები უკრაინელებთან მუდმივ კონტაქტში არიან ოპერაციის შესახებ.
მას შემდეგ, რაც დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ტანკებითა და ჯავშანმანქანებით შეიჭრა რუსეთის საზღვრის გავლით კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს დილით, თეთრი სახლი კვლავ ცდილობს გაიგოს, რისი მიღწევა სურს უკრაინას ამ ქმედებებით.
ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ბაიდენმა თქვა, რომ ბოლო 6-8 დღის განმავლობაში ყოველ ოთხ-ხუთ საათში ერთხელ იღებს ინფორმაციებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შესახებ კურსკის ოლქში.
„ეს პუტინს ნამდვილ დილემას უქმნის და ჩვენ პირდაპირ, მუდმივ კონტაქტზე ვართ უკრაინელებთან. ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით, ვიდრე შეტევა მიმდინარეობს“, – განუცხადა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ეს ამერიკის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური კომენტარია კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.