"ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება, იქ სასაზღვრო კატარღებია განლაგებული", - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა სააგენტო "ტას"-თან ინტერვიუში.
"ოჩამჩირეში არავითარი რუსული საზღვაო ბაზა არ იგეგმება, არის სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. ჩვენ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვართ", - თქვა მან.
შამბას თქმით, "შავი ზღვა კვლავ ხდება დაძაბულობის რეგიონი, იქ სულ უფრო ხშირად ჩნდებიან ნატოს გემები, დაფრინავენ ამერიკული და ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები".
"არ შეიძლება ეს ყველაფერი არ გვაწუხებდეს. ჩვენც გვაწუხებს ის ფაქტი, რომ შავ ზღვაში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.
შამბა გამოეხმაურა ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და თქვა, რომ "უცნობია, ვინ მოვა ხელისუფლებაში".
"თუ სააკაშვილის მომხრეები, დღევანდელი ოპოზიცია მოვიდა, არ გამოვრიცხავთ რაიმე სახის ავანტიურას მათი მხრიდან, მაგრამ შედეგი მათთვის დამღუპველი იქნება. არავის სურს ახალი ომის დაწყება, ეს ნიშნავს ახალ მსხვერპლს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ეს არ გვჭირდება“, - აღნიშნა შამბამ.