საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ის ინფორმაციით, რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო.
გამოცემის ინფორმაციით, რომელიც სატელიტურ გამოსახულებებს ეყრდნობა, 2024 წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა სამშენებლო აქტივობის დაჩქარება, მათ შორის მრავალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის წამოწყება.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბაზას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, რადგან საზღვაო ბაზას შეუძლია უსაფრთხო თავშესაფარი უზრუნველყოს შავი ზღვის ფლოტისთვის, რომელიც უკრაინის თავდასხმის ქვეშაა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ფლოტის ბაზის არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს გეგმებზე, განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ოჩამჩირიდან სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში.
რუსეთს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია, რომ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა აქვს განზრახული. უცნობია, რა გრძელვადიანი გეგმები და მიზნები აქვს რუსეთს ბაზასთან დაკავშირებით, რა იქნება მისი სტრატეგიული დანიშნულება და რა გავლენას მოახდენს იგი კრემლის სტრატეგიულ პოზიციაზე შავ ზღვაში.
2023 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსული საზღვაო ძალების ახალი ბაზა, რომელიც იქნება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთო "მუდმივი განლაგების ადგილი" ოჩამჩირეში.