საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟურნალ ''ოგონიოკში" გამოქვეყნებულ გრიგორი კარასინის ინტერვიუს ეხმაურება.
"ბ-ნი კარასინი აგრძელებს რუსეთის მხარის პროპაგანდისტული კლიშეების გამეორების პრაქტიკას. სხვა გამოსავალი არც აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მხარეს გააჩნიათ საფუძვლიანი პრეტენზიები რუსეთის უკანონო ქმედებების მიმართ - წლების განმავლობაში განხორციელებული უკანონო პასპორტიზაცია, სეპარატისტული რეგიონების მილიტარიზაცია, მარიონეტული რეჟიმების წაქეზება და ბოლო აკორდი საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და მისი განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია", - ნათქვამია ვაშაძის უწყების განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ "საქართველოსა და რუსეთს შორის დღეისათვის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ეს ურთიერთობები შვეიცარიის მხარის შუამავლობით ხორციელდება, რაც ყოველივე ზემოხსენებულის ფონზე გასაკვირი არ არის".
"აქედან გამომდინარე ცხადია, თუ ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მხოლოდ ჟენევის ფორმატში თუ არის შესაძლებელი. ამასთან კვლავ ვადასტურებთ - საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, რუსეთის მხრიდან მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა წარმოადგენს იმ აუცილებელ პირობას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენას.
გ.კარასინი საუბრობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმზე. რაღა თქმა უნდა ასეთი მექანიზმის არსებობა ძალზე სასარგებლოა და ჩვენ მას მივესალმებით, მაგრამ არის ერთი უცნაური "დამთხვევა" - იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ოპერატიული რეაგირება ამ მექანიზმის "ცხელი ხაზი" რატომღაც არ მუშაობს.
შემდეგ ბატონი კარასინი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო ისწრაფვის დააბრუნოს საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ რეგიონებში, რაც მისი აზრით კონფლიქტის ფაზაში დაბრუნებას გულისხმობს. მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს ბატონ კარასინს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. საქართველოს ეს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და იქ მარიონეტული რეჟიმები თარეშობენ. ამგვარად, კონფლიქტი არ არის ამოწურული და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს ტერიტორიაზე ხელს შეუწყობს ამ კონფლიქტის მოგვარებას მშვიდობიანი პოლიტიკური გზით და საქართველოს რეინტეგრაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.