ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხში გაიმართება საერთაშორისო სამიტი, რომელიც ღაზის სექტორში ომის საბოლოო მოგვარებას მიეძღვნება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს გაუგზავნა მოწვევა, თუმცა კონფლიქტის ძირითადი მხარეები - ისრაელი და „ჰამასი“ - ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სამიტისა და მიწვეული ქვეყნების სიის შესახებ ინფორმაცია Axios-ის კორესპონდენტმა ბარაკ რავიდმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. სია ასევე გამოქვეყნდა ეგვიპტის პრეზიდენტის ოფისის მიერ.
მონაწილეთა სიაში, შეერთებული შტატების გარდა, შედიან: ესპანეთი, იაპონია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, სალვადორი, კვიპროსი, საბერძნეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი და კანადა. ჟურნალისტის თქმით, ისრაელი მონაწილეობას არ მიიღებს.
შეხვედრას ასევე შეუერთდებიან გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, საფრანგეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანის და ინდონეზიის მაღალი რანგის წარმომადგენლები.