ალავერდის სამონასტრო კომპლექსში იოსებ ალავერდელის საფლავის ზემოთ ახალი ფრესკა აღმოაჩინეს. ფრესკაზე ხმლითა და მოსასხამით წმიდა გიორგია გამოსახული. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო "ჰერეთი" ავრცელებს.
მეცნიერთა აზრით, არაა გამორიცხული, ფრესკა მე-11 საუკუნეს ეკუთვნოდეს, როცა ალავერდის მონასტერი აიგო. ფრესკა საკმაოდ დაზიანებულია და პირვანდელი სახით აღდგენას არ ექვემდებარება. თუმცა მეორე ვერსიით, ფრესკა შესაძლოა, მე-15-16 საუკუნეს უკავშირდებოდეს.
ამბა ალავერდის მიტროპოლიტი დავითი აცხადებს, რომ ფრესკის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ღირსი მამა იოსებ ალავერდელი ალავერდის სამონასტრო კომპლექსშია დაკრძალული.
შეგახსენებთ, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა უკვე წლების მანძილზე გრძელდება. რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრი და ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი ახორციელებს. საქმეში ჩართულია საპატრიარქოც. ამ ეტაპზე აღდგენილია მე-16 საუკუნის ეპისკოპოსის სასახლე, მარანი და აბანო. მთავარ ტაძარს კი თიხის გამომწვარი ფილებით გადახურავენ.