სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული მეზღვაურები ტყვეობას ზღვაში დახრჩობას ამჯობინებენ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დატყვევებული მეზღვაურის_დავით დევაძის მამამ_სერგო დევაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბათუმში საპროტესტო აქციის მოწყობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას არ გრძნობენ. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.
"ხელისუფლება გვაიმედებს, ვმუშაობთო, თუმცა უკვე მეხუთე თვე დაიწყო და მეზღვაურები კვლავაც ტყვეობაში რჩებიან. ამიტომ, საინტერესოა, რაზე მუშაობს ხელისუფლება,"_აცხადებს სერგო დევაძე.
მისი თქმით, 17.00 საათზე ისინი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელს ლევან ვარშალომიძეს შეხვდებიან, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.
რაც შეეხება მეზღვაურების მდგომარეობას, სერგო დევაძის ინფორმაციით, მეკობრეებმა მათ წყალსა და საჭმელზე უკვე ხუთი დღეა უარი უთხრეს. "ქართველ მეზღვაურებს მონობაში ყოფნას სიკვდილი ურჩევნიათ, ამიტომ წყალში გადახტომით იმუქრებიან. ჩვენითვე დავიხოცებითო, აცხადებენ ისინი,"_ აღნიშნა სერგო დევაძემ.
დევაძის თქმით, ქართველ მეზღვაურებს ორი ადვოკატი ჰყავთ_თურქი და ბერძენი. მეზღვაურების ოჯახების ახლობლების თქმით, აქციები მანამდე გასტანს, სანამ საგარეო უწყების წარმომადგენელი უშუალოდ არ მოჰკიდებს ხელს მეზღვაურების გათავისუფლების საქმეს.
გატაცებული მეზღვაურის მამის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მეზღვაურებისთვის შეგროვილი თანხა 50 ათას ლარამდე იქნება, რაც მათი გამოხსნისთვის საკმარისი არაა.
შეგახსენებთ, ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობაში რამდენიმე თვეა, იმყოფებიან. მათ მეკობრეები სასტიკად ექცევიან.