ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო გამოშვებამ მუშაობა განაახლა.
რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ არხის ახალი ამბები ეთერში დღეს, 12:00 საათიანი გამოშვებით დაბრუნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ამოიწურა "მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ არხის მმართველი კომპანიის "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებელ ეროსი კიწმარიშვილისთვის დავალიანების დაფარვის თაობაზე წაყენებული 10-დღიანი ვადაც, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბაჩო კიკაბიძემ განუცხადა, რომელიც სავარაუდოდ, არხის ახალი გენერალური დირექტორი იქნება, ამ საკითხზე კიწმარიშვილთან კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს კონსულტაციები. არანაირი ვადების დათქმა, ულტიმატუმები და კონფრონტაციის ფონი ამ პროცესს არ აქვს", - განუმარტა კიკაბიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
რაც შეეხება კიკაბიძის არხის გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, კიკაბიძის განმარტებით, მისი კანდიდატურა ამ პოსზე ჯერ მხოლოდ მოიაზრება.
შეგახსენებთ იმას, რომ "მაესტროსა" და კიწმარიშვილს შორის დაპირისპირებაზე გასული წლის ბოლოს არხის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური ალაპარაკდა. მისი განცხადებით, არხს ფინანსური პრობლემები აქვს, რაც სწორედ "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" დამფუძნებლის ბრალია. ბექაური ამტკიცებდა, რომ კიწმარიშვილს "მაესტროს" საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება სურდა. უკვე 31 დეკემბერს კი, არხის ხელმძღვანელობის სახელით მამუკა ღლონტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც "მაესტრო" კიწმარიშვილს დავალიანების დასაფარად 10-დღიან ვადას აძლევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში "კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით" იმუქრებოდა.