უეფა-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრო 2024-ზე თუ რამდენიმე ფეხბურთელი ტურნირს თანაბარი გოლების რაოდენობით დაასრულებს, „ოქროს ბუცს“ ყველა მათგანი მიიღებს
თუკი ბომბარდირთა დავაში ფინალის შემდეგაც არაფერი შეიცვლება, ჯილდო ტურნირის ექვსივე საუკეთსო ბომბარდირზე გადანაწილდება და მხედველობაში აღარ მიიღება დამატებითი მაჩვენებლები - საგოლე პასები ან მოედანზე გატარებული წუთები.
ამ მომენტისთვის ბომბარდირთა დავის სათავეში ექვსი ფეხბურთელია, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც. ქართველი ფეხბურთელის გარდა, ტურნირზე სამი გოლი დანი ოლმომ (ესპანეთი), კოდი გაკპომ (ნიდერლანდები), ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) და ივან შრანცმა (სლოვენია) გაიტანეს.
გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 4 მატჩში ითამაშა და 3 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა. 23 წლის თავდამსხმელმა თამაშიდან გოლი თურქეთს (1:3) გაუტანა, 11-მეტრიანი კი ჯერ ჩეხეთთან (1:1), შემდეგ პორტუგალიასთან (2:0) გამოიყენა, რომელთანაც საგოლე გადაცემაც მიითვალა
ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან, რის შემდეგაც კეინსა და ოლმოს შანსი აქვთ "ოქროს ბუცი" მხოლოდ მათ მოიპოვონ.