ქართველ ვეტერანებს სომეხი ვეტერანები სოლიდარობას უცხადებენ და გმირთა მემორიალთან აქციის დარბევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ვფიქრობთ, რომ სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან მშვიდობიანი საზოგადოებრივი შეკრების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაშლა სრულიად ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დემოკრატიული განვითარების კურსს, ასევე შეურაცმყოფას აყენებს ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ხსოვნას, ჩრდილავს რა სამშობლოსათვის გაღებულ მათ უდიდესს მსხვერპლს. არსებული ფაქტებისა და გარემოებების შესწავლის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ ზემოაღნიშნულ ინციდენტთან მიმართებაში დარღვებული იქნა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, მათ შორის ",პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლი და "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლი", - ნათქვამია საქართველოს სომეხ ვეტერანთა კავშირის განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულ კონტექსტში სომეხი ვეტერანები საქართველოს ხელისუფლებისგან "სამართლიანობის აღდგენას" მოითხოვენ, რომელიც "თვალსა და ხელს შუა იქნა დარღვეული იმ ორგანოს თანამშრომელთა მიერ, რომელიც უშუალოდ უნდა იყოს დაინტერესებული ქვეყანაში ადამიანთა უფლებებისა და ღირსების დაცვით".
"მივესალმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღწერილი გარემოებების გამოძიების დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურობის დაცვით და უმოკლეს ვადებში პასუხს აგებინებს ყველა იმ პირს, რომლებმაც ვანდალურად დაარბიეს ომის ვეტერენთა სამშვიდობო აქცია", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომის ვეტერანები, რომლებმაც 27 დეკემბერს, ამაგის დაფასების მოთხოვნით შიმშილობის აქციას მიმართეს, 3 იანვარს სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ ძიება უკვე დაიწყო. თანმდებობიდან გათავისუფლდა უწყების ის თანამშრომელიც, რომელმაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.