საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჰამბურგში 22 ივნისს ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება
ჩეხეთთან მატჩამდე გიორგი ქოჩორაშვილმა მომავალ შეხვედრაზე ილაპარაკა.
გიორგი ქოჩორაშვილის თქმით, ხვალ რთული თამაში იქნება, თუმცა გუნდის მიზანია შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს.
“რა თქმა უნდა, მზად ვართ, რადგან აქ ვართ. ვიცით, ყველა გუნდი ჩვენს წინააღმდეგ შემტევ ფეხბურთს თამაშობს და ჩვენც ვეცდებით, რომ ის შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, რასაც ყოველთვის ვთავაზობთ გულშემატკივარს. ვეცდებით, ვიბრძოლოთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ. ვფიქრობ, რომ სპორტი ომს აჩერებს. ჩვენ გვიყვარს ფეხბურთი, გვაქვს შესაძლებლობა ვითამაშოთ ამ დონეზე, საქართველოს ეს არასდროს გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველი ბედნიერია და დროა, ვიფიქროთ თამაშზე და იმაზე, რა გველის ხვალ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართველმა გულშემატკივარმა თავი ამაყად იგრძნოს.
რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, აქამდე მოვედით შრომით, თავდაჯერებით, ყოველდღიური ვარჯიშით, ფიქრით ამ თამაშზე და იგივეს გავაგრძელებთ. ხვალ ბრძოლის ველი არ იქნება, არამედ, უნდა ვისიამოვნოთ ამ ყველაფრით და როდესაც ადამიანი სიამოვნებას ღებულობს, ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე გამოსდის და ჩემი ერთ-ერთი მიზანი ის იქნება, რომ ვისიამოვნო მოედანზე და დავეხმარო თანაგუნდელებს. ჩვენ მხოლოდ შედეგისთვის არ ვთამაშობთ, ჩვენთვის, მთავარია, გავიდეთ მოედანზე და ვაჩვენოთ მაქსიმუმი, რაც შეგვიძლია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ ეცდება გოლი გაიტანოს.
"შორიდან დამრტყმელები ჩვენც გვყავს, ჩვენც ვემზადებით. მე, მაგალითად, ყოველდღე ვცდილობ ვარჯიშებზე ამ კომპონენტში მუშაობას და თუ იქნება შესაძლებლობება, ვეცდები, რომ გოლი გავიტანო. დიდად არ მიყვარს ყურება არც ერთი ფეხბურთელის, ვინც ჩემს წინააღმდეგ თამაშობს, ვეცდები, სტადიონზე საწყის წუთებში გავიგო რას წარმოადგენენ და ორთაბრძოლებში მოგებული მე დავრჩე," - აღნიშნა ქოჩორაშვილმა.
europop
ფოტო: ეროვნული ნაკრები