25 ნოემბერი მერაბ მამარდაშვილის გარდაცვალების დღეა. წელს მისი გარდაცვალებიდან 19 წელი შესრულდა. ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერაბ მამარდაშვილი 1930 წლის 15 სექტემბერს გორში დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1968-1987 წლებში იყო სამეცნიერო ჟურნალის, "ვოპროსი ფილოსოფიი", მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1987-1990 წლებში მამარდაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.
გერმანული ფილოსოფიის (განსაკუთრებით იმანუელ კანტის) გავლენით მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.
2001 წლის მაისში თბილისში გაიხსნა მამარდაშვილის ბიუსტი (ძეგლის ავტორი: ერნსტ ნეიზვესტნი).
მერაბ მამარდაშვილი 1990 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.