ქვეყანას ეყოლება ის ხელისუფლება, რომელსაც საქართველოს საზოგადოება აირჩევს საპარლამენტო არჩევნებზე,– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებაზე, რომელშც საყვარელიძემ თქვა: „ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, ვიმედოვნებ“.
მათოკაშვილის თქმით, საქართველოში ომს და არეულობას ვერ ეღირსებიან,
„საზოგადოებამ კარგად იცის, საქართველოსთან მიმართებით როგორი მოლოდინი, სურვილები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს. მათ სურთ ომი, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში, სანქციების დაწესება რუსეთისთვის, ეკონომიკის ჩამოშლა, ქვეყანაში არეულობის და რევოლუციის მოწყობა. ამისთვის თუ იყო ნახსენები ეს ფრაზა, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტის გვარი გაჟღერდა, ამას ვერ ეღირსებიან. ქვეყანას ეყოლება ის ხელისუფლება, რომელსაც აირჩევს საქართველოს საზოგადოება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და არა ის პირები, ვინც სურს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. ვისაც საქართველოში ცეცხლის დანთება, ომის ქარცეცხლი, სანქციები, ეკონომიკური კოლაფსი და ჩვენი ქვეყნისთვის ის შედეგი სურს, რომელსაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ვადევნებთ თვალს, ამას ვერ ეღირსება, რა კონტექსტიტაც არ უნდა იყოს ნათქვამი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.