სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის შეფასებით, ის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მოხდა პოლიტიკური ინტრიგების შედეგია და მას თავად ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არ აქვს.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასა და ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის გაუცხოებაზე პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში საუბრობს და მას საკმაოდ დიდ როლს უთმობს.
"ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისას, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც", - ამბობს ილია მეორე.
ამასთან, უწმინდესი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ 2010 წლის 21 დეკემბერს წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს არის ისტორიული რეალობის საჯაროდ კიდევ ერთხელ განცხადება და თქმა იმისა, რომ აფხაზეთი ყოველთვის იყო საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობა _ საქართველოს ეკლესიის სულიერი შვილები.
"ამას მოწმობს წერილობითი წყაროები და აქ აღმართული უძველესი ტაძრები. იგივე ითქმის ცხინვალის რეგიონის შესახებაც. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისტორიის მანძილზე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის საზღვრები არ შეცვლილა იგი, ღვთის წყალობით, სულიერად თითქმის ყოველთვის ინარჩუნებდა ათასწლეულობით ჩამოყალიბებულ, მთლიან სხეულს ჩვენი ქვეყნისა და ეს დღესაც ასეა", - აღნიშნულია ეპისტოლეში.