სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობა ეპისტოლეში საქართველოს "სიძნელეებზე" საუბრობს.
"გარდა სულიერისა, სიძნელეები სხვაც მრავლად გვაქვს: მასიური უმუშევრობა, ჩვენი მოსახლეობის უცხოეთში მიგრაცია, საშუალო და უმაღლესი განათლების დაბალი დონე, პატიმრების რიცხვის ზრდა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის, სოფლის მეურნეობის პრობლემები...", - ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.
ილია მეორე ეპისტოლეში იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი _ მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე, რათა სიძნელეების დაძლევა შევძლოთ.
ამასთან, უწმინდესი იმასაც აცხადებს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება.
"უფლისა და ზეციურ ძალთა გარდა, ჩვენ შემწედ, უპირველეს ყოვლისა, გვყავს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, დედა და მფარველი საქართველოსი, მსოფლიო მართლმადიდებელ წმინდანთა დასი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის უთვალავი წმინდანი, აგრეთვე, სამოთხის მკვიდრი სხვა ჩვენი ღირსეული წინაპრები. ამაშია მადლი და ძალა ჩვენი ქვეყნისა. მაგრამ მათი შეწევნა რომ მივიღოთ, განწმენდილი გულით აღვლენილი ლოცვა უნდა შევწიროთ, რათა მოხდეს სინერგია, _ ადამიანური და ღვთაებრივი ძალის შერწყმა და ღვთის მოწყალების კარის განღება", - ამბობს პატრიარქი.