"ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, _ ცუდს ან კარგს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი.
"ადამიანი თავისი ქმედებებით, საკუთარ თავსაც და თავის შთამომავალთაც უმზადებს ერთგვარ სულიერ საგზალს, _ ცუდს ან კარგს. მეცნიერებაში არსებობს ენერგიის მუდმივობის კანონი, რომლის მიხედვითაც, დამტკიცებულია, რომ სამყაროში არაფერი იკარგება, არამედ ერთი სახეობიდან მეორეში გადადის; იგივე ითქმის სულიერ სფეროზეც; ოღონდ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ ამქვეყნიურ ყოფას, თორემ უფლის წინაშე, ყველა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების მიხედვით განისჯება", - აღნიშნულია ეპისტოლეში.
ამასთან, მასში უწმინდესი მადლმოსილებაზე, როგორც ადამიანის პიროვნულ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი უფლის საჩუქარია.
"დიახ, მადლმოსილება ადამიანის პიროვნული მდგომარეობაა და იგი უფლის საჩუქარია, მის სიდიდეს თავმდაბლობის ხარისხი განსაზღვრავს, ანუ რამდენადაც თავმდაბალია ადამიანი, მით უფრო მეტი მადლის დამტევია იგი. მადლი, როგორც ღვთის არსების გამოვლინება, მისი ყველა თვისების მატარებელია. იგი არ არის მოძალადე, არამედ მაშინვე განეშორება ცოდვის ჩამდენს (რადგან ცოდვა-მადლი ურთიერთგამომრიცხავნია), სინანულით შემუსვრულ გულს კი, კვლავ უბრუნდება და წყალობით ავსებს. ცოდვა-მადლს კიდევ ერთი თვისება აქვს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ასე გამოთქვეს: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო" და კიდევ "პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჭრა კბილიო", - ამბობს უწმინდესი.